HBO „დრაკონის სახლის“ კასტინგს იწყებს

      

„დრაკონის სახლი“ (House of the Dragon) - პრიქველისთვის მსახიობების შერჩევა დღეს, 20 ივლისს დაიწყო.

"დრაკონის სახლზე უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ, თუმცა ამ დროის განმავლობაში სათაური რამდენჯერმე შეიცვალა. რეალურად, ეს პირველი იდეა იყო, რომელიც HBO-ს შევთავაზე, როდესაც მემკვიდრე შოუზე ვსაუბრობდით, ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში", — დაწერა მარტინმა თავის ბლოგზე.

დრაკონის სახლის საპილოტე და დამატებით სერიებს მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს, რომელიც „სამეფო კარის თამაშების“ ისეთ გამორჩეულ სერიებს ედგა სათავეში, როგორებიცაა „Battle of the Bastards“ და „The Winds of Winter“.
HBO-მ სერიალის 10 სერია შეუკვეთა, მათი სცენარის ავტორი კი რაიან კონდალი იქნება.

HBO-მ ეიგონის დაპყრობაზე ჯერ-ჯერობით უარი თქვა, სავარაუდოდ მომავალისთვის შეინახავენ ამ ისტორიას. ამიტომ, სერიალში მოვლენები „სამეფო კარის თამაშებამდე“ 150 წლით ადრე განვითარდება, მასში მოთხრობილი იქნება ტარგარიენების სახლის მღელვარე პერიოდის შესახებ — იმ ეპოქის, რომელშიც და ძმას დაუპირისპირდა, დრაკონი კი — დრაკონს. ე.წ. „დრაკონების ცეკვა“ (The Dance of the Dragons), რომელიც ტარგარიენების სახლის სამოქალაქო ომის ისტორიას მოყვება, უთანხმოების მთავარი საგანი, რა თქმა უნდა, რკინის ტახტის დაუფლებაა.
კასტინგი აქტიურად ტარდება ჯერ-ჯერობით ამ ორ პერსონაჟზე - პრინცესა რეინირა ტარგარიენი და დედოფალი ალისენტ ჰაითაუერი.
რეინირას როლზე ეძებენ მსახიობს, რომელიც 20-დან 30-მდე წლის იქნება, ალისენტაზე კი შედარებით უფროსს - დაახლოებით 40-45 წლის მსახიობს. გადაღებები სავარაუდოდ 2021 წელს აიღებს სტარტს.

ფოტო - ოფიციალური არტი ჯორჯ მარტინის „ცეცხლი და სისხლის“ წიგნიდან, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ მოვლენების ამსახველია.


  • კომენტარის დამატება
  • ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
    კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.